Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ორი ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად


პოლიციის პატრული ბრიუსელში
პოლიციის პატრული ბრიუსელში

ორი ადამიანი დაიღუპა 16 ოქტომბრის საღამოს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ატეხილი სროლის შედეგად. ადგილობრივი მედიით გავრცელებული ცნობა ოფიციალურად დაადასტურა ბელგიის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ილსი ვან დე კეერმა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები უნდა იყვნენ ფეხბურთის შვედი გულშემატკივრები, რომლებიც "ევრო 2024-ის" საკვალიფიკაციო შეხვედრაში ბელგიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების მატჩზე მიდიოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, სროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა.

ვალონური გაზეთი Sudinfo წერს, რომ თავდამსხმელმა ფეისბუკით გაავრცელა ვიდეომიმართვა. მასში ის აცხადებს, რომ IS-ის ("ისლამური სახელმწიფოს") წევრია და ამაყობს, რომ ურწმუნოები დახოცა.

წინა დღით საფრანგეთის ქალაქ არასის ჩრდილოეთში მდებარე გამბეტის საშუალო სკოლაში ერთი მასწავლებელი დაიღუპა და ორი ადამიანი დაიჭრა თავდასხმის დროს, რომელიც, ფრანგული მედიის თანახმად, ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, სავარაუდოდ, ეთნიკურმა ჩეჩენმა ჩაიდინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი, 20 წლის ახალგაზრდა, პოლიციამ დააკავა. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მაგრამ როგორც სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადეს პოლიციაში, თავდასხმის დროს იგი ყვიროდა: „ალაჰ აკბარ“.

XS
SM
MD
LG