უკრაინის დონეცკის საფეხბურთო კლუბ "შახტარის" ნახევარმცველი ალექსანდრ რასპუტკო, რომელიც ბელგიაში გამართული მატჩის შემდეგ უკრაინაში არ დაბრუნებულა, რუსეთში გაიქცა. 19 წლის ფეხბურთელის გაქცევის შესახებ ინფორმაცია მამამისმა, იური რასპუტკომ, დაადასტურა.
რასპუტკო უკრაინაში აღარ დაბრუნებულა ბელგიურ "ანტვერპენთან" გამართული უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩის შემდეგ. როგორც გამოცემა "დინამომანია" იტყობინება, რასპუტკომ აეროპორტში საფეხბურთო ფორმა დატოვა, სოციალურ ქსელებში ყველა ჩანაწერი წაშალა და ზარებზე პასუხის გაცემა შეწყვიტა. ფეხბურთელის მამამ თქვა, რომ ჯერ არ შეუძლია შვილის გაქცევის მიზეზებზე საუბარი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „მისთვის ნამდვილად უფრო უსაფრთხო იქნება რუსეთში ყოფნა."
"პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შვილი ამას არ ითხოვდა. ის უბრალოდ შეიტანს დოკუმენტებს რუსეთის პასპორტის მისაღებად, როგორც ამას სამშობლოში, დონეცკში გააკეთებდა", – განაცხადა რასპუტკო უფროსმა კრემლის მიერ კონტროლირებად გაზეთ "რეგნუმთან" კომენტარში.
ფეხბურთელის მამამ ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს უახლოეს მომავალში მისი შვილი რუსეთის რომელიმე გუნდში დაიწყებს თამაშს. „რეგნუმისვე“ ცნობით, რასპუტკო და მისი ოჯახი თურქეთის გავლით გაიქცნენ რუსეთში.