18 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ჩავა და სი ძინპინთან გამართავს მოლაპარაკებას. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ლიდერი ჩინეთში წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩადის, მთავარი, „მგრძნობიარე საკითხების“ განხილვა პირისპირ შეხვედრის დროს მოხდება.
ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა ვლადიმირ პუტინის მთავარმა თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
ჩინეთში ვიზიტის დროს პუტინი სიტყვით გამოვა ფორუმზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელზეც მოსალოდნელია, რომ განავითაროს „დიდი ევრაზიის“ იდეა.
ბოლოს რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ 2023 წლის 20 მარტს მოსკოვში. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობის მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა.
მოლაპარაკებებისას მხარეებმა დიდი ყურადღება დაუთმეს პეკინის სამშვიდობო წინადადებებს, რომლებიც, პუტინის თქმით, შესაძლოა საფუძვლად დაედოს უკრაინაში ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას, „როცა დასავლეთი და კიევი ამისთვის მზად იქნებიან“.
უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობიან წინადადებებზე საუბრისას სი ძინპინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას, განუხრელად იცავს გაეროს ქარტიას და მიუკერძოებელი პოზიცია უკავია.
„ჩინეთი დგას ისტორიული სამართლიანობის მხარეს“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა და ამგვარად შეფარულად გააკრიტიკა დასავლეთი, რომელიც კიევს იარაღით ამარაგებს მაშინ, როცა პეკინი თავის შეკავებას მოითხოვს რომელიმე მხარისთვის იარაღის მიწოდებისგან.
- ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე. ამასთან, ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად, პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია და მედიის ცნობით, კრემლს აგრძნობინა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა.