Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა აქტივისტებმა უკრაინაში ბელარუსის „ეროვნული მეხსიერების ცენტრი“ დააარსეს


ბელარუსი აქტივისტის, მიხაილ ჟიზნევსკის მემორიალი. იგი კიევის ცენტრში მოკლეს "ღირსების რევოლუციის" დროს. ფოტო გადაღებულია 2020 წლის ივლისში
ბელარუსი აქტივისტის, მიხაილ ჟიზნევსკის მემორიალი. იგი კიევის ცენტრში მოკლეს "ღირსების რევოლუციის" დროს. ფოტო გადაღებულია 2020 წლის ივლისში

უკრაინაში შეიქმნა „ეროვნული მეხსიერების ბელარუსული ცენტრი". ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინელ კორესპონდენტს განუცხადა თავისუფალი ბელარუსის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ალექსეი ფრანცევიჩმა.

ეს იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ითანამშრომლებს უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან და უკრაინის უნივერსიტეტებთან.

"ეს არის პროუკრაინელი ბელარუსული ძალების გაერთიანება. ჩვენ შევქმენით ცენტრი იმ ბელარუსი გმირების ხსოვნის შესანარჩუნებლად, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად რუსეთის იმპერიისგან მთელ ცივილიზებულ სამყაროს იცავდნენ, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ევროპულ არჩევანს და ღირებულებებს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მეხსიერება მომავალი თაობებისთვის", - ამბობს ფრანცევიჩი.

გარდა საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, „ცენტრი“ გაავრცელებს ასევე ინფორმაციას იმ ბელარუსი მოხალისეების შესახებ, რომლებიც დღესაც იბრძვიან რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, მსოფლიო საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ბელარუსის ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას დანაშაულებრივ რეჟიმზე და დაეხმარება რეპრესირებული ბელარუსი აქტივისტებისა და მოხალისე მებრძოლების ოჯახებს.

მიხაილ ჟიზნევსკი, ბელარუსის მკვიდრი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც „ღირსების რევოლუციის“ დროს კიევის ცენტრში, მაიდანზე დაიღუპა. აქტივისტი 2014 წლის 22 იანვარს მოკვდა ჰრუშევსკის ქუჩაზე სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით.

XS
SM
MD
LG