საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ქვეყანაში აშშ-ის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს. ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის პრესსამსახური.
ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერისათვის.
"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზაობა...
პრემიერ-მინისტრმა ელჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წინსვლას.
"ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში", - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა მის დანიშვნას.
რობინ დანიგანმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შეცვალა წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.
ბოლო პერიოდში დეგნანს ხშირად აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური საკითხისადმი ელჩის დამოკიდებულების გამო.