Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის წარმომადგენელი: საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ტენდენციურია, მეტს მოველოდი


მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი
მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი

მაია კოპალეიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგინების განხილვაზე წარმოადგენდა სალომე ზურაბიშვილს, ტენდენციურს უწოდებს სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ საქმეში მასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს წარმოადგენდა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მათ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთად გამართეს ბრიფინგი.

მაია კოპალეიშვილი (მარჯვნივ) და თამარ ჩუგოშვილი
მაია კოპალეიშვილი (მარჯვნივ) და თამარ ჩუგოშვილი

"დასკვნა არის ტენდენციური. მინდა ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები. რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა ტერმინებით, მხოლოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობაში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში მოაქცია 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტში...

საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, სამართლებრივი არგუმენტაცია, თავისი გაგებით, კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილში, თუმცა აშკარად დაინახავთ, რომ სასამართლო ძირითად არგუმენტებს აკეთებს იმ ხედვებზე, რომ პარლამენტმა, შესაძლოა, არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებაში..." - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისი თქმით, იმ 6-მა მოსამართლემ, რომლებმაც უარყოფით დასკვნას დაუჭირეს მხარი, არასწორად განმარტეს კონსტიტუციის ნორმები.

"შემიძლია გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მეტს მოველოდი. მე მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას კონსტიტუციური ნორმების სწორად განმარტებით...

ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაუძლო ამ პოლიტიკურ მიდგომებს ამ საკითხთან მიმართებით... [სასამართლო] ფაქტობრივად, იმის იმედზეა, რომ საკითხი გადადის პარლამენტში და იქ შეიძლება ვერ მოგროვდეს საკმარისი, 100 ხმა. ამის იმედად არის საკონსტიტუციო სასამართლო და ეს არის ძალიან სირცხვილი, თუკი ასე უყურებს კონსტიტუციურ წესრიგს", - აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა.

დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებულ წარდგინებაზე გადაწყვეტილება. პლენუმმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი იყო 9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა:

  • ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს;
  • განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

XS
SM
MD
LG