Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში გამართულ  რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს მკვიდრი მოსახლეობის აღიარებას კონსტიტუციაში


ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის და ტორესის სრუტის კუნძულების წარმომადგენლები ტრადიციულ სამოსში სიდნეიში, მთავრობის სახლთან მისალმების ცერემონიის შემდეგ. 28 ივნისი, 2027 წელი
ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის და ტორესის სრუტის კუნძულების წარმომადგენლები ტრადიციულ სამოსში სიდნეიში, მთავრობის სახლთან მისალმების ცერემონიის შემდეგ. 28 ივნისი, 2027 წელი

ავსტრალიაში გამართული საყოველთაო რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა კონტინენტის მკვიდრი მოსახლეობის აღიარებას.

რეფერენდუმში დასმული საკითხის გასვლისთვის საჭირო იყო, სულ მცირე, ექვსიდან ოთხი შტატის და მონაწილეთა უმრავლესობის თანხმობა. ხმების დათვლა გრძელდება, მაგრამ უკვე ცხადია, რომ უმრავლესობა საკითხს არ მიემხრო, რაც უკვე საარჩევნო უბნების დახურვის დროს გამოჩნდა.

რეფერენდუმის საკითხი ასე იყო დასმული: „შემოთავაზებულია კანონი: შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა აღიარებულ იქნეს ავსტრალიის მკვიდრი ხალხები - აბორიგენების და ტორესის სრუტის კუნძულების მცხოვრებთა „ხმის“ შექმნით. ემხრობით თუ არა ამ ცვლილებას?“ ავსტრალიელებს უნდა დაეწერათ - „დიახ“ ან „არა“.

„ხმა“ უნდა გამხდარიყო ავსტრალიის პარლამენტში მუდმივი საკონსულტაციო ორგანო. მას „იმ საკითხებზე, რომელიც მკვიდრ ხალხებს ეხება, რჩევები და რეკომენდაციები“ უნდა გაეცა. რეფერენდუმის ჩატარება - პირველი ქვეყანაში თითქმის 25 წლის განმავლობაში - მმართველი ლეიბორისტული პარტიის პროგრამის ერთ-ერთი საკითხი იყო. პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა აღიარა მარცხი და პირობა დადო, რომ შეიმუშავებს სხვა ზომებს აბორიგენების უფლებების დასაცავად.

აბორიგენები - მათი შთამომავლები, ვინც ცხოვრობდნენ კონტინენტზე ევროპულ კოლონიზაციამდე - შეადგენენ ავსტრალიის მოსახლეობის 3.8%-ს. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით 60 ათასი წელია ცხოვრობენ, მაგრამ კონსტიტუციაში არ არიან ნახსენები და, უმეტესი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით, ყველაზე დაუცველი ხალხია ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG