აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლების მცირე ჯგუფი გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა შეიჭრეს სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკელი კანონმდებლების ჯგუფს განუცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკვირდება ასეთ შესაძლებლობას, წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.
საუბარი, როგორც გამოცემა წერს, შედგა ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს. იქ ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან განიხილა შესაძლო ზომები აზერბაიჯანის წინააღმდეგ მთიან ყარაბაღში მისი სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, რის შემდეგაც სომხური მოსახლეობის უმეტესობამ რეგიონი დატოვა.
სხვა საკითხებთან ერთად ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ გეგმავს იმ საკანონმდებლო მუხლის განახლებას, რომელიც 2002 წლიდან აშშ-ს ბაქოსთვის იარაღის მიწოდების უფლებას აძლევს.
თუმცა, ბლინკენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელების სჯერა, განუცხადა მან დემოკრატ დეპუტატებს, მათ შორის ნენსი პელოსისა და ანა ეშუს კალიფორნიიდან და ფრენკ პალონს ნიუ-ჯერსიიდან.
ბრიფინგიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, დეპუტატმა ფრენკ პელონმა ტვიტერზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „წინ მიიწევს თავისი მიზნის შესრულების მიმართულებით, ხელში ჩაიგდოს სამხრეთი სომხეთი“, რამდენადაც „მისი რეჟიმი გათამამდა მას შემდეგ, რაც მის ოპერაციას [ყარაბაღში] უმნიშვნელო კრიტიკა მოჰყვა“.
ალიევი მრავალი წელია ლაპარაკობს ზანგეზურის დერეფანზე (სომხეთში ამ სახელწოდებას არ აღიარებენ) - ჰიპოთეტურ სატრანსპორტო მარშრუტზე აზერბაიჯანის მთავარ ტერიტორიასა და მის ექსკლავს - ნახიჩევანს - შორის სამხრეთ სომხეთის ტერიტორიის გავლით.
2021 წელს ალიევი დაიმუქრა, რომ ძალის გამოყენებით გახსნიდა დერეფანს. აზერბაიჯანის მხარდამჭერი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმაც ახსენა დერეფანი, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების გახსნის შესახებ, კონკრეტული მარშრუტების მიუთითებლად, საუბარი იყო სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის ნოემბრის ერთობლივ განცხადებაშიც.
„სომხეთში ეს აღიქმება როგორც ტერიტორიული პრეტენზიები და მოთხოვნა ექსტრატერიტორიული დერეფნის შესახებ“, - თქვა ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ თუ დერეფანი შეიქმნება, ის მხოლოდ სომხეთის იურისდიქციაში იარსებებს.
აზერბაიჯანი უარყოფს სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას, წერს Politico ალიევის საგარეო პოლიტიკის მრჩეველზე, ჰიქმეთ ჰაჯიევზე დაყრდნობით.
აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ დაუჭირეს მხარი აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებს, თუმცა ამის გამო ბაქოს წინააღმდეგ არანაირი ზომები არ მიუღიათ. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა.