Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს პატიმრობის ვადა გაუგრძელდა


ნიკიტა ჟურაველი სასამართლოში
ნიკიტა ჟურაველი სასამართლოში

გროზნოს რაიონულმა სასამართლომ ექვსი თვით, 2024 წლის 20 აპრილამდე, გაახანგრძლივა ყურანის დაწვაში ბრალდებული ნიკიტა ჟურაველის წინასწარი პატიმრობის ვადა.

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, სასამართლო დარბაზიდან მიღებულ ახალ ფოტოებზე ბრალდებულის თვალთან ჩანს, სავარაუდოდ, სისხლჩაქცევისგან წარმოქმნილი შავი ლაქა.

სასამართლო პროცესზე ნიკიტა ჟურაველმა ბოდიში მოუხადა მუსლიმებს და თქვა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

ჟურაველს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: ღვთისმსახურებისა და რელიგიური რიტუალებისთვის განკუთვნილ ადგილებში მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენა; ასევე წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი, რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

  • მაისში 19 წლის ნიკიტა ჟურაველმა ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ვიდეო გადაიღო. ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.
  • ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს "აღიარება", რომ ყურანის დაწვისას მოქმედებდა უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად.
  • 26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად, სადაც მას სცემა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა.
  • ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ სცემს მისი ვაჟი, ადამი, ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს.
  • შვიდწამიან ვიდეოში ადამ კადიროვი უამრავ დარტყმას აყენებს ნიკიტა ჟურაველს წელს ზემოთ და თავის არეში.
  • „სცემა და სწორად მოიქცა", - დაწერა კადიროვმა და დასძინა, რომ ის "ამაყობს ადამის საქციელით".
XS
SM
MD
LG