რუსეთის პოლიციამ დააკავა ადვოკატები, რომლებიც ადრე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის იცავდნენ. დილით მათ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ ნავალნის გუნდის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გიმადიმ განაცხადა.
ჩხრეკა ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის საქმის ფარგლებში ჩატარდა. ადვოკატებს აქვთ ეჭვმიტანილების სტატუსი, წერს გიმადი. ნავალნისთან დაახლოებულმა უფლებადამცველმა ივან ჟდანოვმა დაასახელა ადვოკატების ვინაობა: ვადიმ კობზევი, იგორ სერგუნინი და ალექსეი ლიპზერი.
"ამ ჩხრეკის მთავარი მიზანია ალექსეი დატოვოს იურიდიული დახმარებისა და სამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე", - დაწერა ნავალნის თანამებრძოლმა გეორგი ალბუროვმა.
პოლიტიკოსის კიდევ ერთმა თანამოაზრემ, ლეონიდ ვოლკოვმა აღნიშნა, რომ ნავალნი მალე უნდა გადავიდეს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში, რომლის ადგილმდებარეობა უცნობია. „ეს არის საშინელი ნაბიჯი მისი სრული იზოლაციისკენ", - დასძინა მან.
ნავალნიმ ადვოკატების ჩხრეკის შესახებ შეიტყო სასამართლო სხდომაზე, კოლონიაში, თავისი სარჩელის განხილვის დროს და კომენტარი გააკეთა „რუსეთში კანონიერების მდგომარეობაზე". მან პარალელი გაავლო საბჭოთა პერიოდთან, როდესაც "არა მხოლოდ პოლიტიკური აქტივისტები იდევნებოდნენ და მათ აქცევდნენ პოლიტიკურ პატიმრებად, არამედ მათი ადვოკატებიც", - ციტირებს პოლიტიკოსს გიმადი.
ადვოკატების დაკავების გამო ნავალნიმ სასამართლოს სხდომის გადადება სთხოვა, რადგან "ნამდვილად არ ესმის თავისი სამართლებრივი დაცვის ორგანიზების პერსპექტივები", - წერს გამოცემა „ოსტოროჟნო, ნოვოსტი.“
ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის მუხლით, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
- ნავალნი მძიმე მოწამვლის სიმპტომებით 2020 წლის 20 აგვისტოს რუსეთში, ომსკის საავადმყოფოში მოხვდა. შემდეგ ის მკურნალობდა ბერლინის საავადმყოფოში, სადაც დაუდგინეს, რომ შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო რუსული წარმოების შხამით. ნავალნის მომხრეებმა უშიშროების სამსახური და ქვეყნის ხელისუფლება მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. რუსეთის მთავრობა უარყოფს მოწამვლის ფაქტს.
- გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ნავალნი დააკავეს და გაგზავნეს კოლონიაში, რადგან ძველ საქმეში გამოტანილი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. მოგვიანებით ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე ახალი საქმე აღიძრა. ის ცხრაწლიან პატიმრობას იხდის ვლადიმირის რეგიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
- აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეში. ის მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ამავე პოზიციას იზიარებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.