საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ერთ თამაშში რვა გოლის გატანა და ამასთან, დიდი ანგარიშით მოგების ახალი რეკორდიც დაამყარა.
გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტაილანდის ნაკრებს უმასპინძლა ამხანაგურ შეხვედრაში და ანგარიშით 8:0 დაამარცხა.
რვა გოლიდან ოთხი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა, რითაც ისიც ახალი რეკორდსმენი გახდა. აქამდე ერთ მატჩში საქართველოს ნაკრების არცერთ ფეხბურთელს არ შეუსრულებია „პოკერი“. მიქაუტაძის გარდა, კიდევ სამმა ქართველმა ფეხბურთელმა შეძლო ტაილანდელთა კარის აღება. ზურიკო დავითაშვილმა თავი ორი გოლით გამოიჩინა. თითო-თითო გაიტანეს ლუკა ლოჩოშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.
მორიგ მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს გამართავს - ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურში იგი კვიპროსს თბილისში უმასპინძლებს.