გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს ჰააგაში სომხეთმა ადრე მიმართა თხოვნით, მიეღო ზომები, რათა აზერბაიჯანს ვერ განეხორციელებინა „ეთნიკური წმენდა“ მთიან ყარაბაღში და დაცული ყოფილიყო რეგიონში ეთნიკური სომხების უფლებები.
აზერბაიჯანის სწრაფმა სამხედრო იერიშმა სექტემბერში აიძულა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, გაქცეულიყო და რეგიონი დაეტოვებინა.
მოსმენები საქმეში „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ ჰააგაში 12 ოქტომბერს ორივე მხარის წარმომადგენლების განცხადებებით დაიწყო. სომხეთი მოითხოვს აზერბაიჯანისგან, შეწყვიტოს დამსჯელი ქმედება „მთიანი ყარაბაღის ახლანდელი ან ყოფილი მმართველების და სამხედროების წინააღმდეგ“.
სომხეთის მხარე თვლის, რომ ეთნიკური წმენდა რეალობად იქცა. სომხეთის მხარის ადვოკატთა მთავარმა წარმომადგენელმა იეღიშე კირაკოსიანმა სასამართლოს განუცხადა, რომ ათი თვის წინ ამავე ტრიბუნიდან ის გამოთქვამდა გაფრთხილებას, რომ აზერბაიჯანი ამ გეგმას ახორციელებს.
„დიდი ტკივილით ვამბობ დღეს, რომ ახლა ეს რეალობაა. ცხრათვიანი ბლოკადის შემდეგ, რომლითაც უხეშად ირღვეოდა სასამართლოს გადაწყვეტილება და საერთაშორისო თანამეგობრობის ფართო დაგმობის მიუხედავად, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა მთიან ყარაბაღზე და ათი თვის შემდეგ ცინიკურად გახსნა ლაჩინის დერეფანი ერთი მიზნით - გაეშვა იქიდან ასი ათასზე მეტი ლტოლვილი სომეხი“, - თქვა კირაკოსიანმა სასამართლოს სხდომაზე.
კირაკოსიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უმრავლესობა ათასწლეულის მანძილზე სომხები იყვნენ და აღნიშნა, რომ ახლა იქ სომეხი მოსახლეობა პრაქტიკულად აღარ არის. “თუ ეს არ არის ეთნიკური წმენდა, მაშინ არ ვიცი, რა არის ეთნიკური წმენდა“, - განაცხადა სომხეთის წარმომადგენელმა..
სომხეთს და აზერბაიჯანს დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო ათწლეულების მანძილზე დავა აქვთ. ძირითადად სომხებით დასახლებულ რეგიონს 90-იანი წლების ომის შემდეგ სომხური ძალები აკონტროლებდნენ. დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო. 2020 წლის, შემდეგ კი წლევანდელი, სექტემბრის სამხედრო ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიკავა რეგიონი, რასაც მოჰყვა სომეხი მოსახლეობის მიერ მთიანი ყარაბაღის დატოვება.
12 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ინიციატივით, გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს რეზოლუციას, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას რეგიონში სომეხი მოსახლეობის დაბრუნების პირობები.