Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიაციამ დამასკის და ალეპოს აეროპორტები დაბომბა


 დამასკის აეროპორტი. 1 ოქტომბერი, 2023 წელი
დამასკის აეროპორტი. 1 ოქტომბერი, 2023 წელი
სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, 12 ოქტომბერს საჰაერო დარტყმა განხორციელდა ამ ქვეყნის უდიდეს, დამასკისა და ალეპოს აეროპორტებზე. სირიის სააგენტოები ეყრდნობიან სამხედრო წყაროებს და იტყობინებიან, რომ თავდასხმები განახორციელა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა.
დარტყმის შედეგად დაზიანდა ასაფრენი და დასაჯდომი ზოლები. არსებული ცნობით, ორივე აეროპორტმა შეწყვიტა მუშაობა. ინფორმაციას სირიის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ დასავლეთის სააგენტოები. დამასკს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინფორმაცია ამ დარტყმების შესახებ. თუ ფაქტი დადასტურდა, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ რადიკალური დაჯგუფების ისრაელში შეჭრის შემდეგ, ეს იქნება პირველი თავდასხმა სირიაზე ისრაელის მხრიდან.
სირიის მთავრობამ, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმება არ აქვს ისრაელთან, მხარი დაუჭირა „ჰამასის“ იერიშს. ისრაელმა ბოლო წლებში არაერთხელ მიაყენა დარტყმა სირიაში სხვადასხვა ობიექტებს, რომლებიც დაკავშირებულია პროირანულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან.
სააგენტოები ვარაუდობენ, რომ ამჯერადაც დარტყმის სამიზნე იყო ამ დაჯგუფებების ლოგისტიკური ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც ირანიდან მარაგდებიან.
ისრაელში შიშობენ, რომ ისინი შეიძლება გადავიდნენ მის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებაზე, რითაც გართულდება „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია. ისრაელი სირიაზე თავდასხმას იშვიათად აღიარებს. კომენტარი სირიის აეროპორტებზე დარტყმის შესახებ ამჯერადაც არ გაკეთებულა.
XS
SM
MD
LG