Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოტარიუსებს, რომლებიც "იპოთეკის ხელშეკრულებების" საქმეზე დააკავეს, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა


12 ოქტომბერს სამივე ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა
12 ოქტომბერს სამივე ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და პატიმრობაში დატოვა ორი ნოტარიუსი და ერთ-ერთის თანაშემწე - მათ გამოძიება ედავება კლიენტებისთვის მოტყუებით სასესხო შეთანხმებების დადებას, იპოთეკური ხელშეკრულებების ნაცვლად. ამ საქმეში 94 დაზარალებულია, ზარალი შადგენს 2 686 700 ლარს.

ნოტარიუსების, ნუნუ გინტურისა და ზაალ ბათუაშვილის, საქმე განიხილა მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა. დაკავებულებს შორის იყო ბათუაშვილის თანაშემწე მარინა ინასარიძე, რომელსაც ამავე მოსამართლის გადაწყვეტილებით შეეფარდა პატიმრობა.

ნუნუ გინტური თბილისში, საბურთალოს რაიონში, მუშაობდა, ზაალ ბათუაშვილი კი - დიღომში.

ბრალდებულების ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს:

  • საქმე არ განეხილა მოსამართლე თეონა ეპიტაშვილის, რადგან მან მისცა ამ ნოტარიუსების დაკავების უფლება პროკურატურას;
  • სხდომა დახურულიყო, რადგან ინფორმაციის მედიასაშუალებებით გავრცელების გამო შესაძლოა დაკავებულების საქმიან რეპუტაციას ზიანი მისდგომოდა.

ეს შუამდგომლობები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პროკურორმა ისაუბრა გამოძიებით გამოვლენილ გარემოებებზე. მისი თქმით, დაკავებულები დანაშაულებრივ ჯგუფს ეხმარებოდნენ გეგმის განხორციელებაში - იპოთეკური ხელშეკრულების ნაცვლად, დაზარალებულებთან აფორმებინებდნენ სასესხო ხელშეკრულებას, დაზარალებულები იხდიდნენ ფულს, თუმცა იმის გამო, რომ ბინის რეალური მესაკუთრეები სხვა ადამიანები იყვნენ, მათ საცხოვრებელი სივრცის დაცლა უწევდათ.

"საქმეში არსებული 94-ვე დაზარალებული განმარტავს, რომ ნოტარიუსებს მათთვის არ განუმარტავთ ხელშეკრულების შინაარსი და სამართლებრივი შედეგი. ყველა დაზარალებულმა განმარტა, რომ როცა მიდიოდნენ სანოტარო ბიუროში, იქ დამოწმებული ხელშეკრულება მათთვის იყო გარანტი, რომ არ მოატყუებდნენ... მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულები ნოტარიუსებს ეუბნებოდნენ, რომ სურდათ ბინის დაგირავება, სხვადასხვა მიზეზით [...] მათ უფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან და ართმევდნენ თანხებს... დაზარალებულთა ნაწილი ერთი თვით შედიოდა ბინაში, საიდანაც მესაკუთრე უშვებდა", - თქვა პროკურორმა.

ბრალმდებელმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე ნოტარიუსის შემთხვევაში იდენტური სქემა მოქმედებდა. დაზარალებულებზე დაყრდნობით მან მოსამართლეს უთხრა, რომ თითოეული ასეთი ხელშეკრულებისთვის ნოტარიუსისთვის გათვალისწინებული იყო 400-500 ამერიკული დოლარი.

შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ნოემბერს გაიმართება. ამ საქმეზე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პროკურატურას ჰყავს გამოვლენილი - ისინი პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე მოიხსენია დანაშაულებრივ ჯგუფად, მათგან ერთ-ერთმა ქვეყნის დატოვება მოასწრო.

XS
SM
MD
LG