ნატალია ვაწაძე ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე დღის წინ, 29 სექტემბერს, ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც "კანვას საქართველომ" USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა და რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არტისტი სწორედ ამ ტრენინგზე დასწრების გამოა დაბარებული.
ნატალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თანხმდება მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას.
საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინო გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.
11 ოქტომბერს ამავე საქმეზე გამოსაკითხად დაიბარეს ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი. მისი გამოკითხვა სასამართლოში დღეს, 12 ოქტომბერს, არის დაგეგმილი.
2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.
USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.
„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".