ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი მოხალისის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 27 წლის მცხოვრები სოსლან გაბარაევი უკრაინაში დაიღუპა. ამის შესახებ ოსური ტელეგრამ-არხები იუწყებიან. მოხალისე მებრძოლის დაღუპვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გაბარაევს 3 წლის ვაჟი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ოსური მედიის ცნობით, მას ცხინვალში 11 ოქტომბერს დაკრძალავენ.
ღია წყაროებით ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალიდან 35-ზე მეტი მებრძოლია დაღუპული. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ატყობინებენ, რომ დაახლოებით ორი ამდენი მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში ორჯერ გაიწვიეს. 2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000-ს შეადგენს.