Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის მეთაურის სიძემ რეგიონის უმაღლესი ჯილდო - კადიროვის ორდენი მიიღო


ვისხან მაცუევი, ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი
ვისხან მაცუევი, ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი

ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი - მიიღო რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვისხან მაცუევმა. იგი არის რამზან კადიროვის ქალიშვილის, აიშატ კადიროვას, მეუღლე.

კადიროვის ორდენი აიშატ კადიროვასაც აქვს მინიჭებული.

სოფლის მეურნეობის მუშაკთა დღეზე თავისი სიძის დაჯილდოების შესახებ ცნობა თავად რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ტელეგრამის არხზე. კადიროვის თქმით, 26 წლის მაცუევი "სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხოლოდ ზაფხულიდან ხელმძღვანელობს, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები უკვე ჩანს", რაც დასტურდება "ყველა პუნქტში მზარდი მაჩვენებლებით." კადიროვს კონკრეტული მაგალითები არ მოუყვანია.

მიმდინარე წლის ივლისში მაცუევმა მიიღო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი, მანამდე ის იყო ქონებისა და მიწათმოქმედების მინისტრი, ხოლო კიდევ უფრო ადრე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფროსად. მამამისი, ზელიმხან მაცუევი, რამზან კადიროვის ახლო მეგობარი და დაცვის თანამშრომელი იყო.

მაცუევის მეუღლე, 24 წლის აიშატ კადიროვა, რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ოქტომბერში დაინიშნა.

  • აიშატ კადიროვა 21 წლის ასაკიდან ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, ერთი წლის შემდეგ კი მინისტრის პოსტი დაიკავა. მას მინიჭებული აქვს რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება, ფლობს მედლებს და ორდენებს "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის", "ადამიანის უფლებების დაცვისთვის", "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის".
  • ჩეჩნეთში მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს რამზან კადიროვის ათობით ნათესავი იკავებს. 2018 წელს "ბიბისის" რუსულენოვანმა სამსახურმა დათვალა, რომ ჩეჩნეთის 158 მსხვილი ჩინოვნიკიდან 30 პროცენტი რეგიონის მეთაურის ნათესავი იყო.
XS
SM
MD
LG