ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რობერტ ფლოიდმა განაცხადა, რომ რუსეთის შესაძლო გასვლა შეთანხმებიდან, რომელიც ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვას ეხება, შეშფოთების საფუძველს იძლევა და სამწუხაროა.
ფლოიდის სიტყვებით, შეთანხმებას, რომელსაც რუსეთმა 2000 წელს გაუკეთა რატიფიკაცია, ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობის საქმეში.
რუსეთმა მინიშნება გააკეთა, რომ მას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმების რატიფიცირება გააუქმოს.
შეთანხმება გაფორმდა 1996 წელს და ის საბოლოოდ ძალაში შედის ბირთვული იარაღის მქონე ყველა ქვეყნის მიერ რატიფიცირების შემდეგ. რადგან ყველა ქვეყანას არ აქვს ის დამტკიცებული, შეთანხმება არ არის ძალაში შესული, თუმცა 1990-იანი წლებიდან ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები, ჩრდილოეთი კორეის გარდა, უარს ამბობენ ბირთვული იარაღის გამოცდაზე.
რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვოლოდინმა განაცხადა, რომ დუმას შეუძლია რუსეთის მიერ 2000 წელს შეთანხმების რატიფიცირების გაუქმება. ვოლოდინმა ვაშინგტონსა და ბრიუსელს ბრალად დასდო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი გააჩაღეს. მისი თქმით, დღევანდელი გამოწვევები ახალი გადაწყვეტილებების მიღებას გვიკარნახებენ.
უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაიმუქრა, რომ გადადგამს ასეთ ნაბიჯს, რადგან აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ამ შეთანხმების რატიფიცირება არასოდეს მოუხდენია. პუტინის თქმით, მოსკოვს შეუძლია ვაშინგტონს მიბაძოს.
რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. Reuters-ს მოჰყავს უწყების წარმომადგენლის განცხადება, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის წარგზავნილის განცხადებით რუსეთი მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ. „ასეთი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს შეთანხმებაზე ხელისმომწერი ნებისმიერი სახელმწიფო, საფრთხეს უქმნის მსოფლიო ნორმას, რომელიც კრძალავს ბირთვული იარაღის გამოცდას“ - წერია დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.
რუსეთს ამჟამად 5900 ბირთვული ქობინი აქვს. ბირთვული იარაღის ბოლო გამოცდა საბჭოთა კავშირმა 1990 წელს მოაწყო. არსებობს გავრცელებული შეშფოთება, რომ რუსეთს შეუძლია მოაწყოს ბირთვული იარაღის გამოცდა, რათა დასავლეთმა აღარ გაუწიოს მხარდაჭერა უკრაინას რუსეთთან ომში.