თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სარდაფში ნაპოვნი ცხედრის საქმეზე დაკავებულ პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. კერძოდ, "მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-109-ე მუხლის ,,ე და კ" ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა", რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება მოუხდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობართან, რის გამოც მძინარეს ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ოქტომბერს დააკავეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.