პოლიციამ და მებაჟეებმა ბავარიაში ჩხრეკა ჩაატარეს რამდენიმე ობიექტზე, რომლებიც რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ტაბლოიდ Bild-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ამოიღეს ხუთი მანქანა, მათ შორის დაახლოებით 140 000 ევროს ღირებულების Mercedes Maybach S500 და დაახლოებით 180 000 ევროს ღირებულების Mercedes Brabus-ი, ასევე სხვა მატერიალური აქტივები.
სპეციალურმა კომისიამ განაცხადა, რომ მოქმედებდნენ სასამართლოს მიერ გაცემული საძიებო ორდერის საფუძველზე, მაგრამ არ შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. უსმანოვის წარმომადგენელმა სააგენტოს კითხვებს პასუხი ვერ გასცა.
უსმანოვის კუთვნილი ობიექტები გერმანიაში 2022 წლის სექტემბერშიც გაჩხიკეს, მათ შორის როტახ-ეგერნის ვილაში. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სულ 24 ადგილი გაჩხრიკეს ბაიერნში, ბადენ-ვურტემბერგში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და ჰამბურგში. ოპერაციაში 250-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უსმანოვი ეჭვმიტანილი იყო სანქციების რეჟიმის დარღვევაში: რუსი ოლიგარქი თავისი ქონების დაცვის მომსახურების საფასურს სანქციების სიაში შეყვანის შემდეგაც იხდიდა, იტყობინებიან გამოძიების წარმომადგენლები.
ალიშერ უსმანოვი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია რუსეთში. ჟურნალ Forbes-ის 2022 წლის ბოლო შეფასებით, მისი ქონება 14,4 მილიარდ ევროს უტოლდება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. გერმანიის ხელისუფლებამ ადრე მისი დის იახტა დააპატიმრა.