ევროპარლამენტის წევრებმა 5 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს უკრაინის ფონდის (Ukraine Facility) შექმნას.
ევროპარლამენტის საბიუჯეტო და საგარეო საქმეთა კომიტეტებში ფონდის შექმნის მომხრე იყო 86 ევროპარლამენტარი, 6-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
უკრაინის ფონდის შესახებ მომხსენებელმა საბიუჯეტო კომიტეტში, რუმინელმა ევროპარლამენტარმა ვლად გეორგემ, ფონდს უწოდა "ძლიერი ინსტრუმენტი უკრაინაში მდგრადობის შესაქმნელად", რომელიც უზრუნველყოფს ძირითად საჯარო მომსახურებას და დაეხმარება კიევს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.
ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა ცვლილებები ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში 2021-2027 წლების პერიოდისთვის. ცვლილებები ითვალისწინებს, კერძოდ, ე.წ. უკრაინის ფონდის შექმნას 50 მილიარდი ევროს მოცულობით. თუმცა კვლავაც არ არის ნათელი, განხორციელდება თუ არა ეს გეგმა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების, კერძოდ, უნგრეთის პოზიციაზე.
ასეთი ფონდის შექმნის გეგმაზე ივნისში გამოაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. საუბარია ფინანსურ რეზერვზე უკრაინაში სახელმწიფო ბიუჯეტისა და სხვადასხვა პროგრამის მხარდასაჭერად. ფონდიდან იარაღის შეძენა არ მოხდება. ფონდი ნაწილობრივ დაფინანსდება გრანტებით, მაგრამ დიდი ნაწილი იქნება სესხები.