Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა აბულაძე - „ახალი აღქმა“


ავტორი - თამარ მღებრიშვილი

რეზენზია

„მხოლოდ წიგნს შეუძლია
წიგნის
გამოგონება
მხოლოდ
წიგნს შეუძლია
წიგნით
ცხოვრება
მაგრამ
:
მეხსიერების წიგნს დავიწყება სჭირს,
ქაღალდის წიგნი კი არაფერს ივიწყებს.
ჩვენი ეპოქის მთავარი პრობლემა:
გამოვიგონოთ
მეხსიერების
წიგნის ქაღალდი,
რათა აღვბეჭდოთ ყველა ძველი და
სასიკეთო
ჭეშმარიტება."

გივი მარგველაშვილი

ნანა აბულაძე მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში საკუთარ ხმას აჟღერებს რომანით „აკუმი“, რომელმაც „საბასა“ და „თავისუფალი ლიტერას“ პრემიები მოიპოვა. ავტორის შემდეგი წიგნი სახელწოდებით „ახალი აღქმა“ კი 2021 წელს გამოიცა ინტელექტის მიერ.

„ახალი აღქმა“ ხუთ მოთხრობას აერთიანებს, ხუთ დამოუკიდებელ ამბავს, წიგნზე მსჯელობა კი სათაურიდან დავიწყოთ.

სათაური ცხადად გადმოსცემს საკუთარ სიმბოლურ დანიშნულებას, თუმცა წიგნს თან ერთვის ქვესათაურიც, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა - „მესა სოლისტი ქალებისა და შერეული გუნდისათვის“, წიგნში სოლისტი ქალები ალია, მარიამი, ანა, ბერენიკე და მარიამ მაგდალელი არიან, ხოლო სხვა ბიბლიური პერსონაჟები მათი გუნდის ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, ხუთი განსხვავებული მოთხრობა და დამოუკიდებელი ამბავი სრულ ერთიანობად წარმოგვიდგება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტექსტის კომპოზიციური თავისებურებები, ავტორის ოსტატობა და ინდივიდუალური სტილი ცალსახად ვლინდება მის პოეტიკაში, საინტერესოა ისიც, რომ ნანა აბულაძე ფეხდაფეხ მიჰყვება მკითხველს, მარტოს არ ტოვებს იმ ამბების წინაშე, რომელსაც თავად უამბობს და მაშინ, როდესაც მარიამ მაგდალელივით იწყებს მკითხველი შეკითხვების დასმას, მასთან ჩნდება მოპასუხე ავტორიც.

ცალკეულ მოთხრობებში ხშირად გვხვდება ერთგვარი იმპრესიონისტული სტილიც, რაც უპირველესად გამოიხატება თხრობის ფრაგმენტულობაში, ლაკონურ ფრაზებში, სახელდებით წინადადებებსა თუ დეტალებზე აქცენტირებაში.

„უყურებ ესთერს.

უყურებ რუთს.

უყურებ ლოტს.

უყურებ შენს ქალიშვილებს.

და ხვდები, რომ ვერასოდეს, ვერასოდეს დაივიწყებ ამას,

რაც ჩაიდინე,

რაც გადაგხდა,

რაც გაგიკეთეს.“

წიგნს თან ერთვის შესავალი - წერილი მომავლის მკითხველს, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ მას არ სურს დაწეროს წიგნი „ძლიერ ქალებზე“ და არც ღრმად ფემინისტური ნაკადი ერთვის სიუჟეტურ მდინარებას, ამას ალბათ ისიც ადასტურებს, რომ პირველი მოთხრობის სათაური „ლოტის ცოლია“ და არა პირდაპირ პროტაგონისტის სახელი, როგორც ეს სხვა ოთხი მოთხრობის შემთხვევაში ხდება.

ავტორი არამხოლოდ თემის აქტუალურობით ახერხებს მკითხველის ყურადღების მიქცევას, არამედ საკუთარი გულწრფელობითაც, მე პირადად ვენდე და კარაქი თავღია ჭურჭლით საზამთროსთან ერთად მაცივარში არ შემინახავს.

ხშირად პარალელურ რეალობასთან გვიწევს შეჯახება და ვხედავთ, ზუსტად ვხედავთ, რომ ძირეულად არაფერი იცვლება.

და აი, ციტატებად მოვლენილი ფაქტებიც:

„ყველა კაცი, რომელსაც მოჰყავს ცოლი ან ცოლები, ხოლო ქმარი არ მოჰყავს, ბუნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. სოდომის ყველა მოქალაქე თანასწორია. არც ბუნების საწინააღმდეგოდ მცხოვრებს დაჩაგრავს ვინმე, მაგრამ ნუ გამოვა სახლაკიდან დღისით და ნუ ეჩვენება ბავშვებს, რათა ახალი სოდომელებიც არ გარყვნას.“

„ასეა, მარიამ, შენი სიმართლე არავის ადარდებს - ხორცის ნაგლეჯზე ღელავენ, ის იყოს მთელი, ასეა.“

„ტყუილია! ტყუილია ეს ყველაფერი! უძინარი ვიყავი, განაწამები, ამიტომაც მეზმანა. მართალი კაცი იყო ჩემი ქმარი, მართალი კაცი იყო დანიელ მღვდელმთავარი. არ შორდებოდნენ ტაძარს, არც დღისით, არც ღამით.“

„ბავშვები დაუსხლტებოდნენ ხოლმე და მერე ბავშვური უშუალობით საშინელებებს ჰყვებოდნენ. რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა - ბავშვს ვინ დაუჯერებს?“

„და პირველად, პირველად საუკუნეთა შორის, მთავარანგელოზი ნატრობს, ნეტავი სხეული მქონდეს, ნეტავი ქალი ვიყოო.“

წიგნის კითხვისას ხვდები, რომ აბსურდია არსებობდნენ ავტორიტეტები, ჭეშმარიტება, რომელიც შეგიძლია ეძებო შენთან არის და ერთადერთი ჭეშმარიტება, რომლისაც შეგიძლია გწამდეს შენ ხარ თავადვე.

დასასრულს კი უნდა ითქვას, რომ ნანა აბულაძემ შეძლო შეექმნა მეხსირების წიგნის ქაღალდი, რადგან ყველა ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ალია, ერთხელ მაინც ყოფილა ესთერი, ერთხელ მაინც ყოფილა ბერენიკე, ერთხელ მაინც ისევე შეშინებია როგორც მარიამს ეშინოდა ორსულობის, ერთხელ მაინც მოუსმენია მარიამ მაგდალელივით საკუთარი ხმისთვის: „ადამიანი ხარ? იქნებ ანეგლოზი ხარ? ქალი ხარ? იქნებ კაცი ხარ? სხეული გაქვს? რა იცი, რომ შენია? სული გაქვს? რა იცი, რომ გაქვს, გინახავს?“ და ა.შ ალილუია...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG