Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში მომხდარი მკვლელობის გამო დე ფაქტო შსს ე.წ. საზღვარზე კონტროლს აძლიერებს


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ცხინვალში, სოვეტსკაიას ქუჩაზე, უცნობმა პირებმა 1994 წელს დაბადებული სერგეი ცაგოლოვი მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო „რესს" დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყებამ ეჭვმიტანილთა დასაკავებლად განსაკუთრებულ ზომებს მიმართა. ადგილზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და ნივთმტკიცებების შეგროვება.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე მოხდა და დე ფაქტო სამართალდამცველებს უკვე დადგენილი ჰყავთ ეჭვმიტანილები, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. დაწყებულია ძებნის ოპერაცია მათი ადგილსამყოფლის აღმოჩენისა და დაკავების მიზნით.

„ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, მიმდინარეობს მკვლელობის გარემოებების გარკვევა. დაწყებულია დამნაშავეთა ძებნის ოპერაცია", - განმარტავენ ე.წ. შსს-ში.

ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე, როკის გვირაბთან, „რეიდი" უკვე დაიწყო და ყველა ავტომანქანას ყურადღებით ამოწმებენ. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კონტროლი გააძლიერა დე ფაქტო „კაგებეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა, რათა მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა ე.წ. საზღვარი არ გადალახონ და საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ, მიმალვის მიზნით.

XS
SM
MD
LG