შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იტყობინება ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ამან შეიძლება შეამსუბუქოს იარაღის უკმარისობა, რომელსაც აწყდებიან ხოლმე უკრაინის ჯარები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან დამატებითი სახსრებისა და აღჭურვილობის მოლოდინში.
ტელეარხის წყაროების ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას ამ კვირაში გეგმავს.
გაურკვეველია, იურიდიულად როგორ გაფორმდება იარაღის გადაცემა, ვინაიდან გაერო მოითხოვს ხელში ჩაგდებული იარაღის განადგურებას ან საწყობებში შენახვას.
CNN-ის მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა ფიქრობს, როგორ უნდა გადაეცეს უკრაინას იარაღი, რომელიც CENTCOM-ის ობიექტებში ინახება მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.