Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელი კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად დონალდ ტრამპის კანდიდატურას წამოაყენებს


დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 1 ოქტომბერი, 2020.
დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 1 ოქტომბერი, 2020.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტეხასიდან, ტროი ნელსმა, განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუკეთესო კანდიდატურაა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე.

„მიმდინარე კვირაში, როცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კვლავ შეიკრიბება, ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე წამოვაყენო დონალდ ტრამპის კანდიდატურა“, - თქვა ნელსმა.

გუშინ წარმომადგენელთა პალატამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და სპიკერის თანამდებობიდან გადააყენა რესპუბლიკელი კევინ მაკართი.

კანონით სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად არ არის აუცილებელი კონგრესის წევრობა, თუმცა ეს პოსტი ჯერ არავის დაუკავებია, ვინც ამავე დროს არ ყოფილა კონგრესის წევრი.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა გრეგ სტუბემ და მარჯორი ტეილორ გრინმა ასევე გამოუთქვეს მხარდაჭერა ტრამპს სპიკერის პოსტზე.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება, დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს რესპუბლიკელ შესაძლო კანდიდატთა შორის. თუმც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 91 ბრალდებაა აღძრული (არჩევნებისთვის ხელის შეშლაში, გასაიდუმლოებული ინფორმაციის შენახვასა და გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდაში).

როგორც The Guardian-ი იტყობინება ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით, წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრი კონტაქტშია ტრამპთან და ცდილობს, სპიკერობაზე დაითანხმოს ის.

თავად ტრამპს 2022 წელს ნათქვამი აქვს, რომ არ აინტერესებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერობა.

ზოგიერთი პოლიტიკოსი მიუთითებს რესპუბლიკელთა საკუთარ წესზე წარმომადგენელთა პალატაში. ამ წესის თანახმად, რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობის წარმომადგენელი უნდა გადადგეს, თუ მას წაყენებული აქვს სისხლის სამართლის ისეთი ბრალდება, რომლისთვისაც მას შეიძლება პატიმრობა შეეფარდოს ორი ან მეტი წლის ვადით.

აშშ-ის მედიის თანახმად, გადაყენებული მაკართი, რომელმაც თქვა, რომ არ შეეცდება სპიკერად ხელახლა არჩევას, შეიძლება შეცვალოს ტრამპის მოკავშირემ, პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ ჯორდანმა. კიდევ ერთი კანდიდატია სტივ სკალიზი, რომელსაც მხარს უჭერს მაკართის იმპიჩმენტის ინიციატორი მეტ გეცი. პალატის თავმჯდომარე ასევე შეიძლება გახდეს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჩრდილოეთ კაროლინიდან, პატრიკ მაკჰენრი, რომელიც ამჟამად უძღვება კონგრესის ქვედა პალატის მუშაობას.

XS
SM
MD
LG