Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Politico იტყობინება ყარაბაღის შესახებ რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ფარულ მოლაპარაკებებზე


ავტობუსებს სომხური მოსახლეობა გაჰყავს მთიანი ყარაბაღიდან.
ავტობუსებს სომხური მოსახლეობა გაჰყავს მთიანი ყარაბაღიდან.

რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ფარული მოლაპარაკებები გამართეს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე. ამის შესახებ ჟურნალი Politico იტყობინება დიპლომატზე დაყრდნობით, რომელიც იცნობს, როგორ წარიმართა განხილვა. მისი თქმით, შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა სტამბოლში.

გამოცემის წყაროს ცნობით, მოლაპარაკების მთავარი თემა იყო აზერბაიჯანზე ზეწოლა, რათა შეეწყვიტა ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა და ყარაბაღში შეეშვა საწვავითა და საკვებით დატვირთული ჰუმანიტარული კოლონა.

Politico-ს ცნობით, შეხვედრაზე რუსეთს წარმოადგენდა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საკითხებში იგორ ხოვაევი, აშშ-ს წარმოადგენდა ვაშინგტონის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ლუი ბონო, ხოლო ევროკავშირმა გაგზავნა რეგიონში თავისი წარმომადგენელი ტოივო კლაარი.

გამოცემა შეხვედრას უწოდებს მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უსაფრთხოების თემაზე მაღალი დონის იშვიათ კონტაქტს - რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ასეთი კავშირები დაირღვა. მარტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ ერთმანეთს ინდოეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში. მოსკოვმა მაშინ თქვა, რომ დიპლომატებმა ისაუბრეს, როცა გადაადგილდებოდნენ და მოლაპარაკებები არ ყოფილა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა Politico-სთან საუბარში რუსულ მხარესთან კონტაქტზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია კრემლის შესაბამის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის არხების შენარჩუნება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობები.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო კერძო დიპლომატიური დისკუსია. ამასთან, ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავაც აკონტროლებს სიტუაციას ყარაბაღში, ამიტომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს რუსულ მხარესთან მუშაობის შესაძლებლობა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, Politico-ს პუბლიკაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ იყო კონტაქტები ყარაბაღთან დაკავშირებით. ამასთან, პესკოვის თქმით, სტატია შეიცავს ბევრ უზუსტობას და მასში არ არის საუბარი რეალურად ჩატარებულ მოლაპარაკებებზე.

ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობას ძირითადად სომხები შეადგენდნენ. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა ტერიტორიის დიდ ნაწილს, იქ გამოცხადდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომელიც არ იყო აღიარებული მსოფლიოს არცერთი ქვეყნის, მათ შორის არც სომხეთის მიერ. 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად აიძულა არაღიარებული სახელმწიფოს მთავრობა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა.

ბაქოში ამას სუვერენიტეტის აღდგენას უწოდებენ. სომხურმა მოსახლეობამ დევნის შიშით მასობრივად დატოვა სახლები. გაეროს შეფასებით, იქ მცხოვრები 120 ათასი სომხიდან რეგიონში რამდენიმე კვირაში დარჩა მაქსიმუმ ათასი ადამიანი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოსახლეობას რეგიონში დარჩენისკენ მოუწოდა და გამოაცხადა, რომ მზად არის ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებისთვის.

ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის უნდა გამართულიყო შეხვედრა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობით. მოსალოდნელი იყო, რომ სამიტზე მხარეები განიხილავდნენ ბაქოსა და ერევანს შორის არსებული კრიზისის მოგვარების შემდგომ ნაბიჯებს.

დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალიევმა უარი თქვა გრანადაში ვიზიტზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო დაჟინებით მოითხოვდა შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობას, თუმცა უარი მიიღო. თურქეთის მონაწილეობას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდნენ საფრანგეთი და გერმანია.

ალიევის უარის ერთ-ერთ მიზეზად ჟურნალისტები ასახელებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას მიერ 3 ოქტომბერს ერევანში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს. დიპლომატმა სომხეთს ჰუმანიტარული დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა სომხეთთან გააფორმოს შეთანხმება სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ, რათა გარანტირებული იყოს უსაფრთხოება.

ბაქოში აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ რეგიონის პრობლემების განხილვის აზრს „რეგიონიდან შორს მყოფ ქვეყნებთან“, იტყობინება APA.

XS
SM
MD
LG