Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ბრძოლის ველი აშშ-ის კონგრესში - მილიარდობით დოლარის დახმარება, წესით, წლის ბოლომდე დამტკიცდება


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 სექტემბერს ვაშინგტონში ამერიკელ სენატორებს მეტი დახმარების თხოვნით მიმართავს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 სექტემბერს ვაშინგტონში ამერიკელ სენატორებს მეტი დახმარების თხოვნით მიმართავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 სექტემბერს კაპიტოლიუმში ამერიკელ სენატორებს უთხრა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე მისი ქვეყანა რუსეთთან ომში დამარცხდებოდა.

ამ შეხვედრიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ აშშ-ის კონგრესში ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. 30 სექტემბერს დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცეს და ამით თავიდან აირიდეს მთავრობის მუშაობის შეჩერება ("შათდაუნი"). უკრაინაზე იქ არაფერი ეწერა.

მომდევნო საათებისა და დღეების განმავლობაში ამერიკელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და ანალიტიკოსები თავდაჯერებით აცხადებდნენ, რომ წლის ბოლომდე კონგრესი უკრაინის მხარდასაჭერ მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს, რადგან ამას ორივე პარტია უჭერს მხარს.

მიუხედავად ამისა, დროებით ბიუჯეტში უკრაინის არგათვალისწინება დასავლეთის მიერ უკრაინის შემცირებულ მხარდაჭერაზე მეტყველებს - ომს ბოლო არ უჩანს, აშშ და ევროპა კი ცდილობენ გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას.

„მოსკოვი ამას უდავოდ საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს - ნიშნად, რომ დასავლეთი ომით დაიღალა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯონ ჰერბსტმა, რომელიც 2003-2006 წლებში აშშ-ის ელჩი იყო უკრაინაში.

ზელენსკი 23 აგვისტოს კიევში ხვდება ამერიკელ სენატორებს - რიჩარდ ბლუმენტალს, ელიზაბეთ უორენსა და ლინდსი გრემს.
ზელენსკი 23 აგვისტოს კიევში ხვდება ამერიკელ სენატორებს - რიჩარდ ბლუმენტალს, ელიზაბეთ უორენსა და ლინდსი გრემს.

ამერიკის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებამდე რამდენიმე საათით ადრე კი სლოვაკეთის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერების პირობას დებდა. პარტიის ლიდერი, ექსპრემიერი რობერტ ფიცო, წინასარჩევნოდ ანტიუკრაინულ რიტორიკას იყენებდა, მოსკოვს აქებდა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მართებულობას ეჭვქვეშ აყენებდა.

ჰერბსტი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოს“ წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ ამერიკა წელსვე მოაწერს ხელს კიევისათვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას.

დანიელ ვაიდიჩი, ვაშინგტონში ბაზირებული Yorktown Solutions-ის პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ ლობირებს, ასევეა დარწმუნებული, რომ ამერიკული სამხედრო და ფინანსური დახმარება უკრაინას არ მოაკლდება. მისი აზრით, კიევი ამ ეტაპზე ემსხვერპლა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიმდინარე დაპირისპირებებს ბიუჯეტის დეფიციტთან, საზღვრის კონტროლსა და იმიგრაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 1 ოქტომბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, მთავრობის დაფინანსების ორპარტიულ კანონპროექტზე გამოთქვამს შენიშვნებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 1 ოქტომბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, მთავრობის დაფინანსების ორპარტიულ კანონპროექტზე გამოთქვამს შენიშვნებს.

რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ფლობენ, თუმცა მათ მხოლოდ ცხრამანდატიანი უპირატესობა აქვთ, რაც ამ პარტიის უფრო მემარჯვენე ფრთას განსაკუთრებულ ძალაუფლებას ანიჭებს. რესპუბლიკელების ეს უმცირესობა ეწინააღმდეგება უკრაინისათვის დამატებითი დახმარების გამოყოფას და აცხადებს, რომ ამას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ აშშ იმიგრაციის შესახებ კანონებს გაამკაცრებს და მეტად დააფინანსებს აშშ-მექსიკის საზღვრის კონტროლს.

30 სექტემბერს მიღებულ ბიუჯეტში შევიდა პუნქტი ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ, რაც რესპუბლიკელების მთავარი მოთხოვნა იყო. თავდაპირველ, სენატის მიერ დამტკიცებულ ვერსიაში ფიგურირებდა უკრაინისათვის გამოყოფილი 6 მილიარდი დოლარი და არ იყო შესული საზღვრის გაძლიერება. კონგრესმა ეს ვერსია ჩააგდო.

„მე არ დავაფინანსებ მთავრობას, რომელსაც არ აინტერესებს საკუთარი საზღვარი, მაგრამ ეთაყვანება უკრაინას“, - განაცხადა მერჯორი ტეილორ გრინმა, რესპუბლიკელმა ჯორჯიის შტატიდან, რომელიც პარტიის მემარჯვენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერია.

ახლა უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის შესახებ დებატებში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი, რომელიც აქამდე მხარს უჭერდა უკრაინას, თუმცა ბოლო დებატებში სენატს ბრალი დასდო, რომ ის „უკრაინას ამერიკის წინ“ აყენებდა. დროებითი ბიუჯეტის მიღების შემდეგ მაკკარტიმ განაცხადა, რომ უკრაინა იარაღს მაინც მიიღებდა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ვაშინგტონი გაამკაცრებდა საზღვრის კონტროლს.

„თუ მაკკარტი კანონს წარადგენს, მას დაამტკიცებენ“, - ამბობს მარკ კანკიანი, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ანალიტიკოსი. „თუმცა საკითხავია, როგორ მოახერხებს ის ამის გაკეთებას ისე, რომ პარტიაში ბუნტი არ დაიწყოს“.

2 ოქტომბერს კონგრესმენმა მეტ გეცმა, რომელიც რესპუბლიკელების მემარჯვენე ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი და ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, მაკკარტის გადაყენება მოითხოვა, რაც ზოგად ფონს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის. მაკკარტის ბედი ამ კვირაში უნდა გადაწყდეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის კონგრესმა უკრაინას 113 მილიარდის ღირებულების სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო. აგვისტოში პრეზიდენტმა ბაიდენმა მორიგი 24 მილიარდის გამოყოფა მოითხოვა, რადგან წინა ტრანშის ვადა 30 სექტემბერს გადიოდა.

უკრაინელი ჯარისკაცები 2022 წლის 14 ივლისს უკრაინის ხარკოვის რეგიონში აშშ-ს მიერ მიწოდებული M777 ჰაუბიცით რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ.
უკრაინელი ჯარისკაცები 2022 წლის 14 ივლისს უკრაინის ხარკოვის რეგიონში აშშ-ს მიერ მიწოდებული M777 ჰაუბიცით რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ.

ომის დაწყებისას ამერიკაში მაღალი იყო უკრაინის მხარდაჭერის მაჩვენებელი, თუმცა, 20 თვის შემდეგ ომის მიმართ ინტერესმა იკლო. გამოკითხვების თანახმად, კლება უფრო შესამჩნევია რესპუბლიკელების მხარდამჭერებში. ტრამპი, რომელიც ამჟამად პარტიის მთავარი კანდიდატია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინის მიმართ დიდ ინტერესს არ ამჟღავნებს. კიევის მხარდაჭერას „უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება პოპულისტური მემარჯვენეების ფრთიდან და ტრამპი მათ ცეცხლს უნთებს“, - ამბობს კანკიანი.

თუმცა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენელი გავლენიანი რესპუბლიკელები უკრაინის დახმარებას ემხრობიან. სენატორმა ლინდსი გრემმა 1 ოქტომბრის ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კოლეგა რესპუბლიკელები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოა, „ცდებიან“. მისი აზრით, უკრაინისათვის დახმარების შეჩერება რუსეთის მორიგ აგრესიებს წაახალისებს და ჩინეთს ტაივანზე თავდასხმისკენ უბიძგებს. „უკრაინისათვის დაფინანსების შეჩერება ტაივანის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს“, - თქვა მან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მაშინდელი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი უკრაინის დროშით იმ დროს, როდესაც ზელენსკი ესწრება აშშ-ს კონგრესის ერთობლივ შეხვედრას 2022 წლის 21 დეკემბერს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მაშინდელი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი უკრაინის დროშით იმ დროს, როდესაც ზელენსკი ესწრება აშშ-ს კონგრესის ერთობლივ შეხვედრას 2022 წლის 21 დეკემბერს.

უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყო, ჯერჯერობით ნელი ტემპით მიმდინარეობს. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიევმა ამ ოთხი თვის განმავლობაში საგრძნობლად შეასუსტა რუსეთის არმია. კანკიანი მიიჩნევს, რომ შეტევის ნელი ტემპი ასუსტებს კონგრესის მხარდაჭერას, რადგან ზოგი კონგრესმენი შიშობს, რომ რუსეთის თავდასხმა „დაუსრულებელ ომად“ იქცევა.

„რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდება დახმარების გამოყოფას“, - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG