Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მოიწონა 50 მლრდ ევროს მოცულობის უკრაინის ფონდის შექმნა


ევროპის პარლამენტი. სტრასბურგი, 22 მაისი, 2019.
ევროპის პარლამენტი. სტრასბურგი, 22 მაისი, 2019.

ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა ცვლილებები ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში 2021-2027 წლების პერიოდისთვის. ცვლილებები ითვალისწინებს, კერძოდ, ე.წ. უკრაინის ფონდის შექმნას 50 მილიარდი ევროს მოცულობით. თუმცა კვლავაც არ არის ნათელი, განხორციელდება თუ არა ეს გეგმა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების, კერძოდ, უნგრეთის პოზიციაზე.

ასეთი ფონდის შექმნის გეგმაზე ივნისში გამოაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. საუბარია ფინანსურ რეზერვზე უკრაინაში სახელმწიფო ბიუჯეტისა და სხვადასხვა პროგრამის მხარდასაჭერად. ფონდიდან იარაღის შეძენა არ მოხდება. ფონდი ნაწილობრივ დაფინანსდება გრანტებით, მაგრამ დიდი ნაწილი იქნება სესხები.

სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აპირებს კვლავ გამოათავისუფლოს უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხები, რომლებიც დაბლოკილია ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის კონფლიქტის გამო. ამ გეგმის შესახებ კერძოდ Financial Times-ი და Reuters-ი იტყობინებიან. ევროკავშირი უნგრეთს კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში შეტანილი ცვლილებების გამო, რომლებიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დროს განხორციელდა. საპასუხოდ ორბანი სავარაუდოდ დათანხმდება ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ ევროკავშირის ბიუჯეტის გაფართოების პროექტს და, შესაბამისად, უკრაინის ფონდის შექმნას.

ევროკავშირი, სავარაუდოდ, მზად არის აკრძალვა მოხსნას 13 მილიარდ ევროს უნგრეთისთვის განკუთვნილი მთლიანი ბლოკირებული თანხიდან, რომელიც 22 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის თანხები ე.წ სოლიდარობის ფონდიდან, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესებას.

ვიქტორ ორბანი კრემლის მიმართ ყველაზე მეგობრულად განწყობილ პოლიტიკოსად ითვლება ევროკავშირის ლიდერთა შორის. ის არაერთხელ გამოსულა უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს. უნგრეთი უკრაინას სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას არ უწევს.

XS
SM
MD
LG