Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ: რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ გეგმავს დამატებით მობილიზაციას


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. 26 ივნისი, 2023.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. 26 ივნისი, 2023.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ გეგმავს უკრაინის ომისთვის მოქალაქეების დამატებით მობილიზაციას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა სამშაბათს.

შოიგუს თქმით, არმიას ახლა საკმარისი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ეგრეთ წოდებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად.

მინისტრის განცხადება არ არის ტიპური - როგორც წესი, რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები შესაძლო მობილიზაციის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა 2022 წლის 21 სექტემბერს, ფრონტზე წარუმატებლობის სერიის შემდეგ. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ ეს გენერალური შტაბის რეკომენდაციით გაკეთდა. ოფიციალური მონაცემებით, ჯარში 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს რეზერვიდან. მობილიზაციის განკარგულება კვლავაც მოქმედებს. მის თანახმად, მობილიზებულები ჯარიდან დაბრუნებას მხოლოდ ეგრეთ წოდებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“, ანუ უკრაინის ომის, დასრულების შემდეგ შეძლებენ.

შოიგუს სიტყვებით, გასული წლის განმავლობაში 335 ათასმა ადამიანმა გააფორმა კონტრაქტი ჯართან ან მოხალისეთა ქვედანაყოფებთან, მხოლოდ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში - 50 ათასმა. ამ რიცხვების დამოუკიდებლად დადასტურება შეუძლებელია.

რუსეთში ამჟამად მიმდინარეობს შემოდგომის გაწვევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. გასულ წელს გაწვევის დაწყება მობილიზაციის გამო გადაიდო. კომენტატორები აღნიშნავენ, რომ სამხედრო უწყებისთვის იოლი არ იქნებოდა ერთდროულად ორი გაწვევის ორგანიზება - წვევამდელებისა და მობილიზებულისა, ამიტომ, ბევრის აზრით, საშემოდგომო გაწვევის დასრულებამდე მობილიზაციის ახალი ტალღის ალბათობა დაბალია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალწვეულებს ფრონტზე არ გაგზავნიან. თუმცა, მიმდინარე წლიდან ახალწვეულებს თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება ეძლევათ სამხედრო სამსახურის პირველივე დღიდან.

XS
SM
MD
LG