Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა


რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერი
რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს, 2 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ბრატისლავაში დაიბარა რუსეთის ელჩი, რათა გაეპროტესტებინა მოსკოვის "მიუღებელი ჩარევა" სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გაიმართა 30 სექტემბერს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

სლოვაკეთის საგარეო უწყების ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც კენჭისყრის დღის წინ გამოქვეყნდა. რუსული მხარის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა გაზარდა სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევა.

სამინისტრომ გააპროტესტა "რუსული დაზვერვის ცრუ განცხადება", რომელიც, დიპლომატების თქმით, "ეჭვქვეშ აყენებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. „მიგვაჩნია, რომ ეს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია არის რუსეთის ფედერაციის მიუღებელი ჩარევა სლოვაკეთის საარჩევნო პროცესში“, - დასძინეს ბრატისლავაში.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს „სლოვაკეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ქმედებები“.

სლოვაკეთში 30 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე პარტიამ "კურსი - სლოვაკური სოციალ-დემოკრატია" (SMER). მისი ლიდერი რობერტ ფიცო უკვე ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მომხრეა.

XS
SM
MD
LG