აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ ესპანეთში, გრანადაში დანიშნული შეხვედრა გააძლიერებს სამშვიდობო პროგრამას მთიანი ყარაბაღისთვის - იმ ფონზე, როცა ვრცელდება ცნობები სნაიპერულ ცეცხლზე და საზღვრის გასწვრივ სროლაზე, რასაც, სომხეთის განცხადებით, ემსხვერპლა მისი ერთი სამხედრო.
ალიევმა ეს განცხადება გააკეთა 2 ოქტომბერს, ბაქოში, თავის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე, რომელზეც მასპინძლობდა ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელს, კენტერბერის არქიეპისკოპოს ჯასტინ ველბის.
გრანადაში 5 ოქტომბერსაა დანიშნული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი.
ამასთან, ალიევის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს "მიენიჭებათ რელიგიის თავისუფლება, დაცული იქნება მათი კულტურული და რელიგიური მონუმენტები", - იუწყება სააგენტო Trend-ი.
ამ დიპლომატიური ნაბიჯების ფონია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ მათი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა აზერბაიჯანის მხრიდან სასაზღვრო რეგიონში გახსნილი ცეცხლის შედეგად. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის არმიის კუთვნილ მანქანას, რომელსაც სამხედროებისთვის მომარაგება მიჰქონდა - წერს სამინისტრო განცხადებაში.
აზერბაიჯანმა მანამდე უარყო სომხეთის განცხადება და მას სიცრუე უწოდა.