რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა 2 ოქტომბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ბუდაპეშტში შეხვედრის შემდეგ, გამოაცხადა, რომ უნგრეთმა შესაძლოა, უხელმძღვანელოს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გერმანიამ შეწყვიტა ბოსნიის ამ ერთეულში, დოდიკის სეპარატისტული პოლიტიკის გამო.
გერმანიამ აგვისტოში გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება რეპუბლიკა სრპსკაში, საერთო ჯამში, 105 მილიონი ევროს ოდენობის ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტის შეწყვეტაზე.
დოდიკის თქმით, ორბანმა "გამოხატა სურვილი, შეცვალოს პროექტები, რომლებიც გერმანიამ გააუქმა". თუმცა, დოდიკის განცხადებით, გერმანია კონტრაქტებს კვლავაც მოქმედად განიხილავს, რეპუბლიკა სრპსკა კი ბერლინის გადაწყვეტილებას ელის იმისთვის, რომ "შეძლოს ამ პროექტების რეალიზება უნგრელებთან და პრემიერ-მინისტრ ორბანთან ერთად, საუკეთესო ფორმით და ორმხრივი მოგებით".
ორბანმა, რომელიც დოდიკის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, წარსულში დაბლოკა ევროკავშირის სანქციები რეპუბლიკა სრპსკას პრომოსკოვური ორიენტაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ. შარშან დოდიკს აშშ-მა და ბრიტანეთმა დაუწესეს სანქციები განცხადებებისთვის, რომ ბოსნიის ეთნიკურად სერბული ერთეული, რეპუბლიკა სრპსკა, გავა ქვეყნის ერთობლივი სამხედრო და იურიდიული უწყებებიდან და საგადასახადო სისტემიდან.