Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ამბობს, რომ გამარჯვება ევროკავშირთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. კიევი. 2023 წლის 2 ოქტომბერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. კიევი. 2023 წლის 2 ოქტომბერი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს 2 ოქტომბერს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ჯარზე გამარჯვება "პირდაპირაა" დამოკიდებული კიევის თანამშრომლობაზე ევროკავშირთან.

"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას და მთელ თავისუფალ სამყაროს შეუძლიათ გაიმარჯვონ ამ კონფრონტაციაში. მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირაა დამოკიდებული თანამშრომლობაზე თქვენთან: რაც უფრო მეტ ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯს გადავდგამთ თქვენთან ერთად, მით მალე დასრულდება ომი", - თქვა ზელენსკიმ კიევში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე სანქციებით განხორციელებული ზეწოლა "აშკარად არაა საკმარისი". იგი გამოვიდა მეტი თანამშრომლობისკენ მოწოდებით იმისთვის, რათა ბოლო მოეღოს "რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემებს" და რუსეთს არ მიეწოდოს მასალა, რომელიც სამხედრო წარმოების გაზრდაში ეხმარება.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა შეხვედრას "ისტორიული" უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ადგილი არის ამ 27-წევრიან ბლოკში. "შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ ჩვენს მიზანსწრაფვაში, ვიყოთ უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - უთხრა ბორელმა ზელენსკის შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG