ბიზნესმენმა, X-ის (ყოფილი Twitter-ი) მფლობელმა ილონ მასკმა ამ სოციალური ქსელის თავის გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოკოლაჟი. დაძაბული გამომეტყველების ზელენსკის ფოტოს აქვს წარწერა: „როცა უკვე 5 წუთია, არ მოგითხოვია მილიარდობით დოლარის დახმარება“.
მასკის პოსტმა გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში 24 ათასი კომენტარი მოაგროვა, უმეტესობა უარყოფითი ხასიათის. მომხმარებლები წერენ მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე და შეახსენებენ მასკს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტები ინვესტიციაა ამერიკულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში ანუ აშშ-ის ეკონომიკაში. ისინი ასევე აქვეყნებენ კოლაჟებს: მასკი რუსული არმიის ფორმაში, მასკი ძაღლის სახით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საბლით და ასეთივე სახის მასკის პორტრეტი წარწერით: „როცა ხუთი წუთია, ერთი სისულელეც არ მითქვამს“.
მასკის გამოსახულებით ფოტოკოლაჟი X-ში უკრაინის უმაღლესმა რადამაც გამოაქვეყნა მინაწერით: „უკვე 5 წუთია, რაც რუსულ პროპაგანდას არ ავრცელებ“. ამჟამად პოსტი წაშლილია. უცნობია, ვინ იყო ამის ინიციატორი - რადა თუ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია.
უკრაინელმა პუბლიცისტმა მიხაილ ტკაჩმა მასკს ღია წერილით მიმართა: „სამყაროს გადარჩენა არაა ბიზნესი“.
ილონ მასკი უკრაინისთვის აშშ-ისა და ნატოს სამხედრო დახმარების შემცირებას და კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას ემხრობა. ერთი წლის წინ, მან ომის დასრულების საკუთარი ხედვაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ხოლო უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური სტატუსი.
სექტემბერში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ მასკის, როგორც X-ის ხელმძღვანელის, ქმედებები რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს.