Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის რადის წევრებს შეთქმულების ბრალდება წაუყენეს


ხალხი 2020 წლის ოპოზიციურ აქციაზე. 22 აგვისტო
ხალხი 2020 წლის ოპოზიციურ აქციაზე. 22 აგვისტო

ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის რადის ხელმძღვანელობისა და წევრების წინააღმდეგ. მათ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულება ედებათ ბრალად. ამის შესახებ განაცხადეს ბელარუსის გენერალურ პროკურატურაში.

ბელარუსის პროკურატურა ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის რადის საქმიანობასთან კავშირში მყოფი ყველა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას აპირებს, „სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, საზღვარგარეთ თუ ბელარუსში..."

ბელარუსის სახალხო რესპუბლიკა თავს მიიჩნევს ბელარუსი ხალხის წარმომადგენლად, რომელიც მთავრობის ფუნქციას ასრულებს დევნილობაში. მისი წევრები ბელარუსის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ.

ივლისში რადა ბელარუსში ექსტრემისტულ ფორმირებად გამოცხადდა. თუმცა, როგორც ბელარუსის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სექტემბერში ორგანიზაცია ღონისძიებებს მართავდა, სადაც „ახალ წევრებს უკანონო საქმიანობაში რთავდა“, - იუწყება რადიო თავისუფლების პროგრამა Север.Реалии.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ რადის ხელმძღვანელობა კოორდინაციას უწევს „დესტრუქციულ ძალისხმევას“ „ექსტრემისტული ორგანიზაციების“ სახელით. მათ შორის გაერთიანებულ გარდამავალ კაბინეტთან სვიატლანა ციხანოუსკაიას ხელმძღვანელობით. ამასთან, ბელარუსის პროკურატურის თანახმად, ბელარუსის სახალხო რესპუბლიკა ომში უკრაინის მხრეს მებრძოლ მოხალისეებს და ასევე პოლიტპატიმრებს მედლებით აჯილდოებს. გენერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბელარუსის სახალხო რესპუბლიკა „ნაციზმისა და კოლაბორაციონიზმის რეაბილიტაციას“ ახდენს.

ორგანიზაციის წევრებს სისხლის სამართლის კოდექსის 7 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოცხადდა. მაშინ მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო და სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ მუშაობა ემიგრაციაში განაგრძო. ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დღევანდელი რადა თავს ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ ასახელებს.

რადას 87 წლის ივონკა სურვილა ხელმძღვანელობს. ის 1936 წელს შტოლბცში (მაშინ პოლონეთის ტერიტორია) დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს მისმა ოჯახმა დასავლეთ ევროპაში გაქცევა შეძლო, საიდანაც შემდგომში საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის რადამ 2020 წელს მხარი დაუჭირა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს.

XS
SM
MD
LG