Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოლაპარაკებები გრძელდება“ - სამი ყოფილი „პრეზიდენტი“ მთიან ყარაბაღში რჩება


"მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის" ყოფილი პრეზიდენტი არაკ არუთუნიანი
"მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის" ყოფილი პრეზიდენტი არაკ არუთუნიანი

არაერთმა სომხურმა წყარომ და ტელეგრამის არხმა დღეს, 2 ოქტომბერს, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ყოფილი "პრეზიდენტი": არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი და არაიკ არუთუნიანი 1 ოქტომბერს სტეფანაკერტიდან (აზერბაიჯანული სახელი - ხანკენდი) სომხეთში გაემგზავრა.

ამის შესახებ წერდნენ ტელეგრამის არხები „ბაგრამიან 26“, Armenia today და პარტია „დემოკრატიული ალტერნატივის“ თავმჯდომარე სურენ სურენიანცი. მან მოგვიანებით ფეისბუკის პოსტი წაშალა და ახალ პოსტში დაწერა, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია და „მოლაპარაკებები გრძელდება“.

კრემლის მიერ კონტროლირებული რუსული სააგენტო "ტასი" წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ღუკასიანს, საჰაკიანსა და არუთუნიანს არ დაუტოვებიათ სტეფანაკერტი (ხანკენდი) და აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მანამდე ყარაბაღის საინფორმაციო ცენტრმა განაცხადა, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი სამველ შაჰრამანიანი, რომელმაც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ არსებობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი, პასუხისმგებელი პირების ჯგუფთან ერთად სტეფანაკერტში დარჩება „19-20 სექტემბერს განხორციელებული საომარი მოქმედებებისა და 25 სექტემბრის აფეთქების შედეგად დაღუპულების ცხედრებისა და დაკარგულების ძიების დასრულებამდე“.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ერევანში იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის ყოფილი „სახელმწიფო მინისტრი" არტაკ ბეგლარიანი.

მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა ყოფილი „სახელმწიფო მინისტრი“, ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა „მინისტრი“ დავით ბაბაიანი, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები ლევონ მნაცაკანიანი და დავით მანუკიანი. ბაქომ განაცხადა, რომ ყოფილი „პრეზიდენტი“ არაიკ არუთუნიანი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ჯალალ არუთუნიანი და 300-ზე მეტი „სომეხი სეპარატისტი“ საერთაშორისო ძებნაში არიან.

მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სომხეთში წასულიყო. 34.5 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით.

ერევნის მონაცემებით, წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა.

სომხეთის ხელისუფლება დახმარებას უწევს ყარაბაღიდან დევნილებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, თითოეულ იძულებით გადაადგილებულ პირს 250 დოლარის ოდენობის კომპენსაციას გამოუყოფენ, თითოეული დევნილი ოჯახი, სულ ცოტა, 6 თვით თვეში 100 დოლარის ოდენობის თანხას მიიღებს, საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG