ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 19% შეადგინა. რეგისტრირებული 134 066 ამომრჩევლიდან უბნებზე 25 627 მივიდა. უკვე დათვლილია ის უბნები, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
71 უბნის მონაცემების მიხედვით, პარტია "ქართული ოცნების" კანდიდატს, გიორგი სოსიაშვილს, ამომრჩეველთა 93%-მა დაუჭირა მხარი. ხმის დათვლის პროცესი გრძელდება იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ჩატარდა.
გორი-კასპის საარჩევნო ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი სოსიაშვილი ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“). შუალედური არჩევნების ჩატარება ამ ოლქში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შუალედური არჩევნებისთვის გორში 68, კასპში კი 29 უბანი იყო გახსნილი. გორის 52 და კასპის 23 უბანში არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.