საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა, პირველადი მონაცემები მალევე გახდება ცნობილი, ასეთ სულ 28 უბანია. არჩევნები ძველი მეთოდით ჩატარდა გურჯაანის დანარჩენ 8 უბანზე, სადაც ბიულეტენებს ითვლიან. ამ უბნების მონაცემები შედარებით გვიან გახდება ცნობილი.
გურჯაანის მე-12 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილის თქმით, მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
“არც ოლქში და არც საარჩევნო უბნებზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემები არ ყოფილა”. - უთხრა რადიო თავისუფლებას ჩუთლაშვილმა.
მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ჰყავდა წარდგენილი. მერობის კანდიდატი 48 წლის გიორგი მაჭავარიანია. ის 2011 წლიდან კანდიდატად წარდგენის დღემდე "სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი იყო.
გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თანამდებობა დატოვა.
მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა 50 ათასზე მეტია. აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 28 პროცენტზე მეტმა.