ამ შაბათ-კვირას გაერო მისიას მიავლენს მთიან ყარაბაღში - განაცხადა გაეროს პრესმდივანმა მას მერე, რაც გაეროს სააგენტოები აზერბაიჯანმა მიიწვია რეგიონში, ვითარებაზე დასაკვირვებლად - იმ ფონზე, როცა ყარაბაღს კვლავ ტოვებს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა.
მისია ძირითადად ჰუმანიტარულ საჭიროებებს შეაფასებს - თქვა გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დუიარიჩმა და დასძინა, რომ გაეროს რეგიონთან წვდომა "დაახლოებით 30 წელიწადია" არ ჰქონია.
"აზერბაიჯანის მთავრობა და გაერო შეთანხმდნენ მისიის თაობაზე რეგიონში. მისია შაბათ-კვირას განხორციელდება" - უთხრა დუიარიჩმა ჟურნალისტებს.
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ გაეროს სააგენტოებს შესთავაზეს "შემდეგ დღეებში" რეგიონში მისია მიავლინოს. ვიზიტი მისიას საშუალებას მისცემს "გაეცნონ ჰუმანიტარულ ნაბიჯებს, რომელსაც აზერბაიჯანი რეგიონში დგამს" - წერდა სამინისტრო განცხადებაში.
მთიან ყარაბაღს კვლავ ტოვებს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა - 10 დღეში მას მერე, რაც აზერბაიჯანმა სწრაფი სამხედრო ოპერაციით სრული კონტროლი დაამყარა სეპარატისტულ რეგიონზე.
სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 29 სექტემბრისთვის ქვეყანაში მთიანი ყარაბაღიდან შესული იყო 93 000-მდე სომეხი, ანუ რეგიონის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს ეთნიკურ წმენდაში სდებს ბრალს და გამოდის გაფრთხილებით, რომ რამდენიმე დღეში რეგიონში სომეხი მოსახლეობა აღარ დარჩება.