Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი ეროვნული უმცირესობების კონვენციიდან გასვლის თაობაზე


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენციიდან გასვლის თაობაზე. დოკუმენტი, როგორც 29 სექტემბერს გახდა ცნობილი, განთავსებულია რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებსაიტზე.

კანონპროექტისთვის დართულ ახნა-განმარტებაში ნათქვამია, რომ კონვენციიდან გასვლით თავიდან იქნება არიდებული რუსეთის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და ეს არ მოუტანს ზიანს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა რუსი ექსპერტის უფლებამოსილება კომიტეტში, რომელიც შეიქმნა მონაწილე ქვეყნების მიერ კონვენციის შესრულებაზე დასაკვირვებლად. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვს ასევე წაერთვა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღებაში და ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოვლენაში, უწინარესად საზღვარგარეთ მცხოვრები რუსულენოვანი ჯგუფების შემთხვევაში.

რუსეთმა ამ კონვენციას ხელი 1995 წელს მოაწერა. დოკუმენტი, მათ შორის, ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაცისა და მათი იძულებითი ასიმილაციის აკრძალვას, მშობლიური ენის თავისუფლად გამოყენების უფლებას, და სხვა.

გასული წლის მარტში რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა შეუჩერდა, უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შემდეგ რუსეთი გამოვიდა ევროსაბჭოს რამდენიმე კონვენციიდან, მათ შორის კონვენციებიდან ადამიანის უფლებების თაობაზე.

XS
SM
MD
LG