29 სექტემბერს ნატომ გამოაცხადა, რომ კოსოვოში გაზრდის თავის KFOR-ის სამშვიდობო ძალებს, იმ ფონზე, როცა კოსოვოს ძირითადად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში ღრმავდება დაძაბულობა.
"გუშინ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა დამატებითი ძალების გამოყოფა, შექმნილ სიტუაციაზე რეაგირებისთვის", - ნათქვამია ალიანსის 29 სექტემბრის განცხადებაში. ტექსტში არ არის დაზუსტებული, დამატებით რამდენი სამხედრო გაიგზავნება კოსოვოში.
24 სექტემბერს კოსოვოს ჩრდილოეთში ოთხი ადამიანი შეეწირა მე-14 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმას. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც მოჰყვა კოსოვოს პოლიციასთან სროლა.
მაისში ძალადობამ იფეთქა მას მერე, რაც კოსოვოს ხელმძღვანელი პირები შეეცადნენ მერები დაენიშნათ ზოგიერთ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები შეადგენენ. ძალადობის შედეგად დაიჭრნენ KFOR-ის ათობით მშვიდობისდამცველი და სერბი დემონსტრანტები.