Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ტოყაევი აცხადებს, რომ ყაზახეთი დაიცავს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს


ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შფოთავს რუსეთის მხრიდან ტერიტორიული პრეტენზიების გამო. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ტოყაევმა გერმანიაში ვიზიტის დროს თქვა.

"რუსეთსა და ყაზახეთს შორის საზღვარი დელიმიტირებულია და მეტწილად დემარკირებულია, დადასტურებული და რატიფიცირებულია ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს შეშფოთება რუსეთის მხრიდან ტერიტორიული პრეტენზიების გამო", - განაცხადა ტოყაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი "ერთმნიშვნელოვნად" შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმს.

"ჩვენ გვაქვს კონტაქტები შესაბამის ორგანიზაციებთან, რათა შევასრულოთ სანქციების რეჟიმი. და მე არ ვფიქრობ, რომ გერმანულ მხარეს რაიმე შეშფოთება უნდა ჰქონდეს სანქციების რეჟიმის გვერდის ავლით შესაძლო ქმედებების შესახებ", - თქვა ტოყაევმა, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით 28 სექტემბერს ჩავიდა.

2023 წლის თებერვალში ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთთან სასაზღვრო პუნქტები ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი ქვეყნის აღმოსავლეთით, 300 კილომეტრიან მონაკვეთზე.

დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს ყაზახეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მქონე ცალკეული რუსი პოლიტიკოსების განცხადებების ფონზე - კერძოდ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხშირად ისმის პროვოკაციული განცხადებები, რომლებშიც ყაზახები ხედავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საფრთხეს.

7500 კილომეტრის სიგრძის ყაზახეთ-რუსეთის საზღვარი ყველაზე გრძელი უწყვეტი სახმელეთო საზღვარია მსოფლიოში.

XS
SM
MD
LG