28 სექტემბერს სააგენტო „აგენტსტვომ“ გამოაქვეყნა ოკუპირებულ სევასტოპოლში სარაკეტო დარტყმის შემდეგ განადგურებული შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობის ფოტო.
ფოტო ასახავს განადგურების მასშტაბებს - აჩვენებს, რომ შენობაში განადგურებულია სართულები და შიგნით ქაოსი სუფევს.
თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ შენობა ცეცხლშია გახვეული. აქამდე სამხედრო ექსპერტებს საზღვაო შტაბის განადგურების მასშტაბის შესახებ დასკვნები სატელიტური სურათებით გამოჰქონდათ.
უკრაინის არმიამ 25 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში 22 სექტემბერს უკრაინის მიერ რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალიც, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი.
კრემლს ამ საკითხზე ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, ამაზე თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია არ მოსულაო.