საპარლამენტო ჯგუფის, „ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტის შენობაში შეუშვეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მასზე შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. როგორც დეკანოიძემ თქვა, ეს პირი ერთი თვის წინ პარლამენტთან ხვდებოდა, საეჭვოდ იქცეოდა, გაუგებრად ელაპარაკებოდა და სადღაც წაყოლას სთხოვდა, რის შემდეგაც მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
დეკანოიძემ თქვა, რომ რუსეთის აღნიშნული მოქალაქე პარლამენტის შენობაში დახვდა და პოლიციას მიმართა რეაგირებისთვის.
„მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე. ეს ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე.
დაუბრკოლებლად შემოდის ქვეყანაში ისევ (პირველი ინციდენტის შემდეგ) და პარლამენტის შენობაში.
როგორ დავიცვა თავი?" - დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ხატია დეკანოიძემ. როგორც მან აღნიშნა, პოლიციამ მისი მიმართვის შემდეგ, საქმის შესწავლა დაიწყო.