28 სექტემბერს კიევს მოულოდნელად ესტუმრა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც დახურულ კარს მიღმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შეხვდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები თანდათან აძლიერებენ პოზიციებს რუსული ჯარების პოზიციების წინააღმდეგ მიმდინარე კონტრშეტევაში.
"მკვეთრი კონტრასტია. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, მათი მომავლისთვის, თავისუფლებისთვის. მოსკოვი - იმპერიული ილუზიებისთვის იბრძვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, სამხედრო ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო კონტრაქტებს, რომლებიც უკრაინისთვის თითქმის ორ-ნახევარი მილიარდი ევროს მოცულობის საბრძოლო მასალების მიწოდებას ითვალისწინებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას და თქვა, რომ მხოლოდ წუხელ ქვეყანას თავს დაესხა 40-ზე მეტი „შაჰედი“ - უპილოტო თვითმფრინავი. უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტოლტენბერგი თანახმაა, დაეხმაროს კიევს უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მოპოვებაში.
უკრაინის თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავის მხრივ, კიევში დღეს შეხვდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალ მინისტრს, გრანტ შეპსს, რომელმაც დანიშვნის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოაცხადა კიევის მხარდაჭერა. როგორც უმეროვი ფეისბუკზე წერს, მან ასევე აცნობა კოლეგას უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელი საჭიროებების შესახებ, ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვაზე, არტილერიასა და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებზე.