Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უკრაინის რეგიონების ანექსიის დღე სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის აღნიშვნის შესახებ. დღესასწაული აღინიშნება 30 სექტემბერს, ეს იქნება დასვენების დღე რუსეთში, ნათქვამია დოკუმენტში. მანამდე კანონპროექტს მხარი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა.

კანონის თანახმად, ახალ უქმე დღეს ეწოდება "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს რეგიონისა და ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების დღე." დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ პირველი დასვენების დღე იქნება მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, შაბათს.

მოსკოვმა უკრაინის რეგიონების ანექსიის შესახებ 2022 წლის შემოდგომაზე განაცხადა. მან ეს გაამართლა რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კენჭისყრის შედეგებით, რასაც მოსკოვმა რეფერენდუმები უწოდა.

უკრაინა და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ფიქციურად მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ რეფერენდუმებს, რომლებიც საერთაშორისო ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არასდროს აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ანექსიის შესახებ გადაწყვეტილებას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა 10-პუნქტიანი სამშვიდობო „ფორმულის“ წინადადებით, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის ჯარების გაყვანას და უკრაინის სახელმწიფო საზღვრების აღდგენას.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის 12-მა მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი. გაეროს 2022 წლის დეკემბრის პირველი რიცხვების მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა უკრაინის 6702 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 424 ბავშვი. ორგანიზაციის თანახმად, მონაცემები შესაძლოა, არ იყოს სრულყოფილი.

სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის რუსი სამხედროების წინააღმდეგ უკრაინაში ათობით ათასი საქმის გამოძიებაა დაწყებული. რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი ადამიანების ხოცვასა და წამებაში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG