შვეიცარიამ ორი წლის განმავლობაში დაკარგა მყინვარების 10% - Associated Press-ის ცნობით, ასეთი შეფასება გააკეთეს შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტებმა.
"მყინვარების დნობა დრამატულია - სულ რაღაც ორ წელიწადში იმდენი მყინვარი დაიკარგა, რამდენიც 1960 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში", - აცხადებენ აკადემიაში. ექსპერტების თქმით, რამდენიმე პატარა მყინვარი საერთოდ გაქრა.
ექსპერტების აზრით, "ყინულის ფართომასშტაბიანი დაკარგვა" გამოწვეულია თოვლის მცირე რაოდენობით, რომელიც ზამთარში მოდის მყინვარებზე და იცავს მათ მზისგან და ზაფხულში მაღალი ტემპერატურისგან.
2023 წლის დასაწყისში შვეიცარიაში მეცნიერებმა და გარემოს დამცველებმა წამოიწყეს კამპანია ალპური მყინვარების გადასარჩენად. ივნისში შვეიცარიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მონაწილეთა 59%-მა ხმა მისცა 2050 წლისთვის ქვეყანაში სათბურის გაზების ნულოვანი გამოყოფის მიღწევას.
სათბურის გაზები გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა უკვე 1.15°c-ით აღემატება პრეინდუსტრიულს. კლიმატოლოგების აზრით, 1.5°c-ის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
შვეიცარიაში საშუალო ტემპერატურა 2.4 °c-მდე გაიზარდა.