Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Guardian-ი: უკრაინა რაკეტებს ითხოვდა დრონების მწარმოებელ ობიექტებზე დარტყმებისთვის ირანსა და სირიაში


დრონი "შაჰედი" კიევის თავზე. 17 ოქტომბერი, 2022.
დრონი "შაჰედი" კიევის თავზე. 17 ოქტომბერი, 2022.

აგვისტოში უკრაინამ დასავლელ მოკავშირეებს გადასცა საიდუმლო ანგარიში რუსული და ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ევროპული კომპონენტების შესახებ, რომლებსაც რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმისთვის იყენებენ და, როგორც ამტკიცებენ, კიევმა მოკავშირეებს სთხოვა, მისთვის მიეცათ იარაღი, რომლითაც ის შეძლებდა დრონების მწარმოებელი ობიექტების განადგურებას ირანსა და სირიაში. ამის შესახებ 27 სექტემბერს წერს ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი, რომელიც გაეცნო უკრაინის მიერ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისთვის გადაცემულ 47-გვერდიან დოკუმენტს.

გაზეთის ცნობით, ანგარიშში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ირანულ „შაჰედის“ დრონებში აღმოაჩინეს 50-ზე მეტი დასავლური ელექტრონული კომპონენტი, რომელთა წარმოება ახლა ნაწილობრივ ლოკალიზებულია რუსეთში. ეს არის ძირითადად კომერციული კლასის ელექტრონიკა და ასეთი კომპონენტების მიწოდება ძირითადად უკონტროლოა, ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში დასახელებულია ხუთი ევროპული კომპანია, რომლებიც აწარმოებენ შესაბამის კომპონენტებს, მათ შორის შვეიცარიიდან, ნიდერლანდიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან. ასევე საუბარია კომპანიებზე, რომელთა სათავო ოფისებია აშშ-ში, კანადასა და იაპონიაში. კომპონენტები ირანში შედის მესამე ქვეყნების გავლით, როგორებიცაა თურქეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, უზბეკეთი და კოსტა-რიკა.

ანგარიშის ავტორებმა მოკავშირეებს შესთავაზეს, რომ განიხილონ „სარაკეტო თავდასხმები ამ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხნებზე ირანში, სირიაში, ასევე პოტენციურ ამწყობ ობიექტზე რუსეთის ფედერაციაში“. აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან განახორციელონ ასეთი დარტყმები, თუ ამისთვის საჭირო იარაღს მიიღებენ. როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს უკრაინასა და ირანს შორის მანძილის გათვალისწინებით, არ არის დაზუსტებული. კიევს ჯერ არ გაუკეთებია პუბლიკაციაზე კომენტარი.

რუსეთმა გასული წლის ბოლოს დაიწყო შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონების ფრონტზე გამოყენება. ისინი რუსეთში „გერან-2-ის" სახელითაა ცნობილი. ირანმა უარყო მათი მიწოდება, მაგრამ შემდგომში განაცხადა, რომ მან რუსეთს დრონების მცირე პარტია მიაწოდა 2022 წლის 24 თებერვლამდე. წელს დრონების აწყობა დაიწყეს ქალაქ ელაბუგაში (სათათრეთში). გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში იერიშისთვის 600-ზე მეტი ასეთი დრონი იქნა გამოყენებული.

XS
SM
MD
LG