Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მოთხოვნაა, გაუქმდეს რექტორის არჩევნების შეწყვეტის გადაწყვეტილება


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს უმრავლესობა (შვიდი წევრიდან ექვსი) მოითხოვს, გაუქმდეს კულტურის სამინისტროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა რექტორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი. საბჭო განმარტავს, რომ მოქმედებენ კონსერვატორიის წესდების დაცვით.

"აკადემიური საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით და მისი დაცვით. აღვნიშნავთ, რომ კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს გაუქმებული დადგენილება სრულად შეესაბამებოდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის No05/90 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მოთხოვნებს და იგი მიღებული იქნა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კონსერვატორიის მოქმედი წესდების შესაბამისად ფორმირებული აკადემიური საბჭოს მიერ", - წერია დღეს, 27 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 26 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყდა საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით.

კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცესის შეწყვეტის ფონია კულტურის მინისტრის გამოსვლა პარლამენტში 20 სექტემბერს. თეა წულუკიანმა ამ დღეს საჯაროდ ილაპარაკა კონსერვატორიის ხელმძღვანელის შეცვლის საჭიროებაზე.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი. ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება (ვციტირებ)", - თქვა წულუკიანმა.

კიდევ უფრო ადრე, 20 ივნისს, კონსერვატორიის ამჟამინდელი რექტორი ნანა შარიქაძე ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს და კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმების შინაარსთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პასუხად დაწერა, რომ შემზარავია კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი.

XS
SM
MD
LG