ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთმა ომის დაწყებიდან პირველად დაიწყო თავისი ახალი 25-ე საერთო-საჯარისო არმიის ნაწილების გამოყენება. ამ ფორმირებამ უკრაინაში გადასვლა აგვისტოს ბოლოს დაიწყო.
ცნობილია, რომ 25-ე არმიის ორი სამანევრო კომპონენტის შენაერთები - 67-ე მოტომსროლელი დივიზიისა და 164-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადისა - მონაწილეობენ ბრძოლებში სევეროდონეცკისა და კრემენნაიას დასავლეთით მდებარე სექტორში, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
BBC-ის თანახმად, ბრიტანული დაზვერვის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთს უკიდურესად იშვიათად აუმოქმედებია არმიის მასშტაბის რეზერვები, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალ მსხვილ შეტევით ოპერაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ 25-ე საერთო-საჯარისო არმიას, დიდი ალბათობით, აცლიან ხოლმე ნაწილებს გაჭიმული ფრონტის ხაზის გასაძლიერებლად, უახლოეს კვირებში ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის ჯარების ახალი კონცენტრირებული შეტევა, ასკვნიან ბრიტანეთის დაზვერვის სპეციალისტები.